ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა - ქვეყნების ახალი გამოწვევა უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ნათლად გამოაჩინა. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი ჰიდრორესურსი გააჩნია, რომელსაც გონივრული გამოყენება და ათვისება სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ქვეყანა დაახლოებით 3 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მისივე განმარტებით, მთავრობა ინვესტორებს მხარდაჭერის ახალ სქემას სთავაზობს, რომელიც სამ წელიწადში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს.
დამატებითი ენერგოსიმძლავრეების შექმნაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობა დასრულებული, ძირითად პრინციპებზე კი შეთანხმება მიღწეულია. ფინანსთა მინისტრის თქმით, გაწერილია გრაფიკიც, პროცესი ღია აუქციონის წესს ითვალისწინებს.
ბოლო რამდენიმე წელია ქვეყნის მასშტაბით ენერგომოხმარების ტემპი იმატებს. აქედან გამომდინარე, ბიზნესასოციაციაში ქვეყნისთვის საკუთარი გენერაციის არსებობის საჭიროებებზე საუბრობენ.
ყველა დაინტერესებულ პირს თუ ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს აუქციონში და თავისი წინადადება წარადგინოს. ამ მიმართულებით, მთავრობა შესაბამის ბრძანებას უახლოეს დღეებში მოამზადებს.