გაეროს შუამავლობით მიღწეულ, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში, რუსეთის მონაწილეობის შეწყვეტას აქვს მყისიერი და დამაზიანებელი გავლენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერი.
ნედ პრაისის თქმით, მარცვლეულის შეთანხმების გარშემო გაურკვევლობამ სურსათის ფასების ზრდა გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების ფარგლებში ექსპორტირებული ხორბლის 66%-ი განვითარებად ქვეყნებში გაიგზავნა, 19% კი ყველაზე ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში.
"ინიციატივის ნებისმიერი ჩაშლა სურსათის ფასის მკვეთრ ზრდას, შავი ზღვის მარშრუტებზე დაბრუნებული სადაზღვევო კომპანიების და კომერციული გადამზიდავების ნდობის შემცირებას და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის დამატებითი სირთულეების რისკს ქმნის. რუსეთი კვლავ იარაღად იყენებს საკვებს თავის მიერ დაწყებულ ომში. ყველაზე ეფექტური ნაბიჯი სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად იქნება რუსეთის დაუყოვნებლივ დაბრუნება შეთანხმებაში და ომის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.