15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ძალაზე დამყარებული წესრიგი - რა შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში აკაკი ბობოხიძის განცხადებას

"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მმართველობის დროს ავტორიტარიზმი და ძალაზე დამყარებული წესრიგი იყო, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეჭვობს, რომ აკაკი ბობოხიძის გამონათქვამის დამახინჯება მოხდა.

"მე ვიღაცის გამონათქვამებს არ ვპასუხობ, სანამ ჩემი თვალით არ წავიკითხავ, არ მჯერა რომ კაკო ასეთ რამეს იტყოდა, კაკო გამოცდილი პოლიტიკოსია. დაუმახინჯებდნენ აზრს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ სინანული ბოლომდე ვერ იქნება გულწრფელი, თუ არ მოხდა შეცდომის აღიარება, რომ სახელმწიფო ინტერესს ადამიანის უფლებები შეეწირა.

"არ მესმის მოქალაქეების აღზრდა, რატომ არის თუნდაც სახელმწიფოს მოვალეობა. ამავდროულად სინანულიც ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი, როდესაც არ აღიარებ, რომ ის ღონისძიებები, რომელიც შენ მოიფიქრე ქურდულ სამყაროსთან საბრძოლველად, არ იყო სამართლიანობის თვალსაზრისით რეკომენდირებული. ის რომ შენ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელე მთელ ამ პროცესში და სახელმწიფო ინტერესს შეწირე, ჩემი აზრით, ამის გააზრების გარეშე არ გამოვა სრული სურათის და იმ შეცდომების დანახვა, რომელიც თავის დროზე იქნა ჩადენილი," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი არასაინტერესოდ მიიჩნევს მის მიერ წლების წინ განვითარებული მოვლენების კვლევას:

"არ ვიცი, აკაკი ბობოხიძეს რა მოტივაცია აქვს, არ მაინტერესებს 20 წლის უკან რა ხდებოდა, მე არ ვარ ისტორიის კვლევით დაკავებული. მე მაინტერესებს, რა ხდება დღეს და რა იქნება ხვალ," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებას მმართველ გუნდში აღიარებით ჩვენებად აფასებენ.

"იმიტომ იმყოფებიან იქ სადაც დღეს იმყოფებიან, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს მიდგომები და დამოკიდებულებები რომ ჰქონდათ ქართველ ხალხთან. არ ვიცი მათი შეფასებით რას ნიშნავს წესრიგის დამყარება, პირდაპირი ხელყოფა იყო განსხვავებული აზრის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების. ბევრი პრობლემები იყო და შესაბამისად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო 2012 წელს და მთელი ამ წლების განმავლობაში ხედავთ თუ როგორ მთავრდება არჩევნები," - აღნიშნა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ის რომ ყოფილი მმართველი პარტია ტერორით და ძალადობით მართავდა ქვეყანას ამ აღიარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, მიიჩნევს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.

"რა სჭირს ქართველ ხალხს ბობოხიძის, ადეიშვილის ან მეგის ქარდავას აღსაზრდელი, სააკაშვილის ან რომელიმე კრიმინალის - ეს არის მთავარი კითხვა და რა თქმა უნდა, აღიარება, რომ მათი მმართველობა ძალადობას ეფუძნებოდა. ეს დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ უნდა "დავაფასოთ" ბატონი კაკოს "გულწრფელობა", სადღაც 10 წლის თავზე იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თურმე ძალადობდნენ ქვეყანაზე, ხალხზე და ზოგადად იყვნენ მოძალადე ბუნების პოლიტიკოსები, რომლებიც ატერორებდნენ, არბევდნენ და ასე მართავდნენ საქართველოს. ეს სხვათა შორის ის საზოგადოებაა, რომელთა ბელადს თავის  დროზე აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შუქურა უწოდეს და ვაი ასეთ შუქურას, რომელიც წვავს და ანადგურებს ყველაფერს და ყველას თავის გარშემო," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები