15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ამდენი რეფორმა გატარდა და იქ რომ შეცდომა არ დაუშვა წინა ხელისუფლებამ, ბუნებრივია, ამას არავინ ამტკიცებს - ნიკა მელია

"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მმართველობის დროს ავტორიტარიზმი და ძალაზე დამყარებული წესრიგი იყო, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.

ბობოხიძის განცხადებას მისი ყოფილი თანაგუნდელები გამოეხმაურნენ:

"კაკო ბობოხიძეს აქვს საკუთარი მოსაზრება, ჩვენ ამიტომ არა ვართ თანაგუნდელები. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ეს თავად მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ იყო საკმარისი კონტროლის მექანიზმი ძალოვან სტრუქტურებზე. ბუნებრივია იყო გადაცდომები, რაზეც არაერთხელ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, ვსაუბრობდი მე. ამდენი რეფორმა გატარდა და იქ შეცდომა არ დაუშვა წინა ხელისუფლებამ, ბუნებრივია, ამას არავინ ამტკიცებდა და არც ამტკიცებს. კაკო ბობოხიძის შეფასება, კაკო ბობოხიძის შეფასებაა, ის იყო ხელისუფლების ნაწილი, მან უკეთ იცის, რას საუბრობს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დიდი მიღწევები იყო დასავლეთთან ურთიერთობისა და დაახლოების თვალსაზრისით და გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, თუმცა დაშვებული იყო ბევრი შეცდომაც.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ სწორედ კაკო ბობოხიძის მიერ დასახელებული მიზეზი გახდა იმის საფუძველი, რომ ქართველმა ხალხმა "ნაციონალური მოძრაობა" გადაირჩია. ბუჩუკურის თქმით, მსგავსი ქმედებები გახდება ასევე "ქართული ოცნების" ხელისუფლების ცვლილების მიზეზიც.

დღის ამბები