"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მმართველობის დროს ავტორიტარიზმი და ძალაზე დამყარებული წესრიგი იყო, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.
"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აკაკი ბობოხიძის განცხადებას აღსარებას უწოდებს, რომელიც დაგვიანებული და ცოტაა.
"ეს არის არა აკაკი ბობოხიძის განცხადება, არამედ აკაკი ბობოხიძის აღსარება. ეს არის დაგვიანებულიც და ცოტაც, რაც სინამდვილეში ხდებოდა. ისინი არღვევდნენ ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რაზეც დგას თანამედროვე საზოგადოება, რაზეც დგას ევროპა და დასავლეთი და ამით აკეთებდნენ რეალურად რუსულ საქმეს. ეს იყო ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საკუთრების ექსპროპრიაცია და ჩამორთმევა, მედიაზე ტერორი და დაპატიმრება, არჩევნების უხეშად გაყალბება და ზუსტად ამიტომ არის რომ ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიულ არჩევნებში ვერ იმარჯვებს და მას აინტერესებს ერთადერთი დესტაბილიზაცია და არეულობა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ არ კმარა მხოლოდ აღიარება და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ქმედებებზე რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე, მათ შორის მათიკაშვილი ასახელებს დაკარგულ ტერიტორიებს, ადამიანების წამებას
"რაც მალე ჩამოცილდებიან ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს, მით უფრო მეტად გაჯანსაღდება და წინ წავა ქართული პოლიტიკა," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.