საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულებულია. ირაკლი ღარიბაშვილი ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰა-იანს შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, შეიხმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰა-იანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მომდევნო წლის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო დინამიურად ვითარდება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი საკმაოდ დიდია,"- აცხადებს დავითაშვილი.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აბუ-დაბიში კი უკვე დასრულდა სამომავლო გეგმებზე კი მხარეებმა უკვე ისაუბრეს.