ჩაატარებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი პრაიმერისს - "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი" და "დროა" ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავენ, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, კერძოდ, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს.
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, სიის ფორმირების საკითხი განიხილება, თუმცა გადაწყვეტილი არ არის.
სხვა ოპოზიციურ პარტიებში იდეას არ იწონებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი გეგმა ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას.
"ერთ ქვაბში ყველას ჩაყრის იდეას არ ვემხრობით, ჩვენ კოორდინაციის, თანამშრომლობისა და ოპოზიციის ფართო ფრონტის საარჩევნო პროცესში შესვლის მომხრე ვართ. რაც შეეხება პრაიმერის იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, ეს იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის. არ მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების იმედგაცრუებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ადამიანები იმედგაცრუებულები არიან, მათთან ერთად თამაშს ვერ მოიგებ:
"არ შეიძლება ადამიანებისთვის იმედების გაცურება, თუკი შენ ხშირად უცრუებ ადამიანს იმედს, შენ არ გენდობიან და მერე რასაც არ უნდა დაჰპირდე, არ ექნებათ მოლოდინი, რომ შენ რამის გამკეთებელი ხარ. ეს ხშირად მოხდა ბოლო პერიოდში, როდესაც ოპოზიცია არათანმიმდევრული იყო. რაც უფრო ხშირად გავაგრძელებთ ამას, მით უფრო იმედგაცრუებული დარჩება საზოგადოება. თუკი ადამიანები იმედგაცრუებულები არიან, მათთან ერთად თამაშს ვერ მოიგებ,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.