პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თუ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. რაც მისი თქმით, არ მიაჩნია სწორად.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვინმეს თუ გვარამიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, საშუალება აქვს, არ დაეთანხმოს და ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
"ევროპული სახელმწიფო ნიშნავს სასამართლოს პატივისცემას მათ შორის. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მნიშვნელოვანი. დანარჩენში ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მით უმეტეს ამ გადაწყვეტილების მიმართ.
თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან," – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება მართებს.
"ყველა მსჯავრდებული თუ ბრალდებული პირის უფლებაა, გამოიყენოს და ისარგებლოს მიმართვის უფლებით. რამდენად რეალიზებას გაუკეთებს ამ უფლებას პრეზიდენტი, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტისგან არა ერთი ალოგიკური შეწყალების უფლების რეალიზება გვინახავს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს არა მარტო გვარამიასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით მართებს ძალიან დიდი დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.