დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ. კანონპროექტის განხილვას არ დაესწრება ოპოზიციის ნაწილი, მათი განცხადებით, ეს რეალურ ცვლილებებს ვერ მოიტანს, რადგან წინადადება რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფასადურია.
პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით ევროკავშირმა წინასწარ გამოხატა დამოკიდებულება, რომ ეს კანონპროექტი ვერ ჩაითვლება მოთხოვნის შესრულებად.
"კანონპროექტს, რომელიც მისივე ავტორების შეხედულებით ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნას, ყოველ შემთხვევაში, მათ არგუმენტი არ აქვთ როგორ დააკმაყოფილებს ეს კანონპროექტი ევროკავშირის მოთხოვნას. გაურკვეველია რა პრინციპით უნდა დაუჭიროს ვინმემ მხარი, იმიტომ, რომ დეოლიგარიზაცია არის ევროკავშირის მოთხოვნა და საინტერესოა, რომ ჩვენი ინფორმაციით, ევროკავშირმა წინასწარ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება, რომ ეს კანონპროექტი ვერ ჩაითვლება ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებულად," - აცხადებს სამადაშვილი.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მსგავსი კანონის მიღება შეცდომა იქნება როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის მხრიდან, რადგან ის უკრაინის რეალობაზეა მორგებული და ჯერ არ დაგვინახავს შეიცვალა თუ არა რაიმე პრინციპულად.
"უკრაინის კანონი უკრაინის რეალობაზეა მორგებული, არც ვიცით საერთოდ, მუშაობს იქ კარგად თუ არა. ხომ არ დაგვინახავს, უკრაინაში რამე პრინციპულად შეიცვალა? ახლა ომია იქ და შეუძლებელია რაიმეს შეფასება. წლები შეიძლება გავიდეს, სანამ დავინახავთ პოლიტიკურ შედეგს ამ კანონის. ის თუ მოლდოვაშიც აპირებენ ამ კანონის მიღებას, იმავე ტიპის შეცდომას დაუშვებენ, რაც ჩვენ უნდა დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, არც მოლდოვა იქნება წარმატებული ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კანონი მიიღონ. ასე რომ, ცუდია, რომ ევროინტეგრაციის პროცესმა ქვეყნები ასეთ შეცდომებამდე მიიყვანონ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს შეცდომა არ დავუშვათ," - აცხადებს რაქვიაშვილი.