უკვე ორ საათზე მეტია მეათე მოწვევის პარლამენტი იმ კრიტერიუმების განსაზღვრას ცდილობს, რომელთა ქვეყანაში ოლიგარქის სტატუსის მატარებელი პირი უნდა გამოვლინდეს. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენა, ბიზნეს საქმიანობა, რომელიც ბაზარზე დომინანტურია და საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტის ფლობა - თუ ამ ოთხიდან სამს აკმაყოფილებთ თქვენ დეოლიგარქიზაციის კანონი შეგეხებათ.
ევროკომისიის რეკომენდაციის მეხუთე პუნქტის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ დეპუტატებს უკრაინული მოდელი უცვლელი შინაარსით წარუდგინა და განაცხადა, რომ ახლა იმავე კანონის მიღებას უკვე მოლდოვაც გეგმავს. ეს ოპოზიციისთვის არგუმენტი არ არის და თვლის, რომ ცვლილებები ფასადურია.
"მოქალაქეები", "გირჩი" და "ნაციონალური მოძრაობა" დღეს სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ.
"თუკი უკრაინამ მიიღო კანონი ამასთან დაკავშირებით და ევროპული სტრუქტურების მიერ მოწონებულია კანონის გზით ამ საკითხის დარეგულირება, მაშინ იგივე ევროპული სტრუქტურების მიერ, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ რომ ჩვენ ეს პუნქტი შევასრულეთ, რატომ არ უნდა შეფასდეს პოზიტიურად, პირიქით. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე წარმოგიდნეთ უკრაინაში მირებულ მოდელს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან და მოლდოვა ასევე მიიღებს დიდი ალბათობით კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ.
მოლდოვასაც, ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილი აქვს, ამ საკითხის კანონის მიღების გზით დარეგულირება და აქაც, დიდი ალბათობით, ეს იქნება იგივე უკრაინული მოდელი, რომელიც მიღებული იქნება მოლდოვაში,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
რატომ უკრაინული მოდელი - ეს კითხვა დღეს არაერთხელ დაისვა პარლამენტში. ხელისუფლების ოპონენტები ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ შესთავაზა პარლამენტს მმართველმა პარტიამ საკუთარი ვერსია.
ანრი ოხანაშვილმა ოპონენტებს მიმართა და თქვა, რომ ისინი მმართველ გუნდს სთავაზობენ არა სისტემურად გამართულ კანონპროექტს, არამედ ცალკეულ პირებზე ორიენტირებულ მიდგომას:
"ოპონენტები გვთავაზობენ არა სისტემურად გამართულ კანონპროექტს, არამედ ცალკეულ პირებზე ორიენტირებულ მიდგომას. თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა,"- აღნიშნა ოხანაშვილმა.