"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე "ღამის კურიერში" ოპოზიციის იმ ნაწილზე საუბრობს, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერობის კანდიდატს არჩევს და საერთო სიაზე საუბრობს.
ანა წითლიძის შეფასებით, მას რჩება განცდა, რომ პატარა ოპოზიციურ პარტიებს 5%-იანი ბარიერის ეშინიათ და ამიტომ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი.
წითლიძის თქმით, ახლა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, ვიდრე საერთო სია ან პრემიერობის კანდიდატია.
წითლიძე ასევე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით არასამართლიანი კრიტიკა ისმის.
"საუბრობენ საერთო სიაზე, საერთო ნომერზე და საერთო პრემიერობის კანდიდატზე, რაც მე მიმაჩნია არის აბსოლუტურად აბსურდი. დღეს, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას ეს ქვეყანა, საერთოდ რა სისულელეზე ვლაპარაკობთ, რომელ საერთო სიაზეა საერთოდ საუბარი?! მე მრჩება შთაბეჭდილება რომ მთავარი მიზანი არის ეს საერთო სია, რაც მიმაჩნია, რომ არ არის სწორი. "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც ჩვენი სიით შესულან და შემდეგ ჩვენთვის დაუწყიათ გინება. ამიტომ, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ დღეს როგორი იქნება არის ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც უნდა აერთიანდებდეს ოპოზიციას.
მე მაქვს ასეთი განცდა, რომ ამ პატარა ოპოზიციურ პარტიებს 5%-იანი ბარიერის რეალურად ეშინიათ. პიროვნულ თავდასხმაზე ბატონ ჯაფარიძესთან არ გადავალ, მაგრამ ბატონ ჯაფარიძესთან, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძალიან ბევრი შეკითხვაა. ძალიან არასამართლიანი არის კრიტიკა ვაშაძისა და ჯაფარიძის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. როდესაც საერთო ოპოზიციურ ერთობაზე ვსაუბრობთ, საერთო ოპოზიციური ერთობის დამრღვევი მთავარი ადამიანები ვინ იყვნენ, ეს საზოგადოებამ ნახა. ჯაფარიძე და ვაშაძე იყვნენ ის ადამიანები, ვინც პირველი შევიდნენ პარლამენტში, ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, მაშინ როდესაც ჩვენ ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. ჩვენ მაშინაც ვიძახდით სხვათა შორის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის მიუხედავად, ქართული ოცნება პირობას არ შეასრულებდა, გადააგდებდა საერთაშორისო პარტნიორებსაც და ოპოზიციასაც, მაგრამ მაშინ ეს ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ თვითონ კონსტრუქციული ოპოზიცია იყვნენ და ჩვენ ვიყავით დესტრუქციული ოპოზიცია. ფაქტობრივად დაგვტოვეს მარტო და მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდა რომ შესულიყო პარლამენტში, იმიტომ რომ ესენი ყველა შელაგდნენ," - განაცხადა ანა წითლაძემ.