26 აგვისტო 2026,   05:16
ვრცლად
პირი, რომელმაც ლენტეხის მერის კაბინეტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, ამ დრომდე არ არის დაკავებული

სროლის შემდეგ, ლენტეხის მერიამ მუშაობა განაახლა - ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული აღარ არის, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა, უცნობმა პირმა მერის კაბინეტის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელი ამ დრომდე არ არის დაკავებული. 

სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს.

მუნიციპალიტეტის მერიამ მუშაობა დღეს დილიდან განაახლა. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი თანამშრომლებს გაესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ გუშინ დილით შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მოვიდნენ და დაცხრილული ფანჯრები ნახეს. თუ რა შეიძლება ყოფილიყო ინციდენტის მოტივი - მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა არ იციან, თუმცა, ვინაიდან გასროლა უშუალოდ მერის კაბინეტის მისამართით განხორციელდა, არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი მერის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

მუნიციპალიტეტის მერს, ამ დრომდე, ოფიციალური კომენტარი მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია. მერიაში განმარტავენ, რომ ისინი საგამოძიებო სამუშაოების დასრულებას ელოდებიან.

დღის ამბები