15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ეს კანონი არის ყველაფერი, დეოლიგარქიზაციის კანონის გარდა, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონზე

რამდენიმე წუთში პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს კენჭს უყრის. პროექტი მმართველმა პარტიამ დეპუტატებს უკრაინული მოდელის უცვლელი შინაარსით წარუდგინა და განაცხადა, რომ ახალა იგივე ცვლილებების მიღებას მოლდოვაც გეგმავს.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენა, ბიზნეს საქმიანობა რომელიც ბაზარზე დომინანტურია და საარსებო მინიმუმზე მილიონჯერ მეტის ფლობა - ეს მთავარი კრიტერიუმებია.

ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტს სკეპტიკურად უყურებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ფასადურია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში გარემოებები აბსოლუტურად განსხვავებულია. მისი შეფასებით, აღნიშნულ ქვეყნებს "ხელისუფლებაში არ ჰყავთ ოლიგარქი და ოლიგარქიული პარტია." ამასთან, ბეჟაშვილი ამბობს, რომ ქართული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ქართულ რეალობას.

შემოთავაზებულ მოდელს აკრიტიკებს ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"დეოლიგარქიზაციის კანონი არ არსებობს. ეს კანონი არის ყველაფერი, დეოლიგარქიზაციის კანონის გარდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის პოზიცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების. მოთხოვნაზე, რომ ვენეციის კომისიაში უნდა გაეგზავნათ ეს კანონი, ამაზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ", იმიტომ რომ იციან, უარყოფით პასუხს მიიღებენ. ეს იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნა რაზეც უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ". 

რაც შეეხება ჩემს პერსონალურ მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობ, არცერთ არანაირ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის მიხელ დაუშვილის შეფასებითაც, დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი ქართულ რეალობას არ შეესაბამება. 

"რატომ არის საქართველოსა და უკრაინას შორის უზარმაზარი სხვაობა - მე გაგახსენებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, იქ არ წერია, რომ საქართველოს ჰყავს ათობით ოლიგარქი, იქ წერია ერთი კონკრეტული სახელი და გვარი. უკრაინის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, მითხრათ ერთი ადამიანი უკრაინაში, რომლის პირადი ქონება და აქტივები უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნის მშპ-ს მესამედი?

მოლდოვას შემთხვევა ჯერ არ შემისწავლია, შევისწავლი და გეტყვით, ეს მოდელი იმუშავებს თუ არა," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები