ომბუდსმენობის კანდიდატმა ნიკოლოზ ნიკოლაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მისთვის პარლამენტს დღეს უნდა მოესმინა. ამ წუთებში კანონმდებლების წინაშე ქეთი ჩაჩავაა, რომელმაც დეპუტატებს საკუთარი ხედვა უკვე წარუდგინა - დაისვა კითხვებიც.
ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, სტატუსის მინიჭება, რეკომენდაციების შესრულება, 2020 წლის არჩევნები, 5-6 ივლისის მოვლენები, სასამართლოში არსებული გამოწვევები და საპატრიარქოს როლი. კანდიდატი კითხვებს პასუხობს. საბოლოოდ, პროცესი პარასკევს დასრულდება.
სახალხო დამცველის არჩევის ვადის ამოწურვამდე თვეზე ნაკლები რჩება. რამდენად მოხდება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეჯერება ერთ კანდიდატზე ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ომბუდსმენის კანდიდატს, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორს ქეთევან ჩაჩავას კითხვით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ მიმართა, დავით მათიკაშვილის კითხვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს შეეხებოდა.
"საქართველო იმსახურებდა თუ არა იმ მომენტში და იმსახურებს თუ არ დღეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?!,"- დავით მათიკაშვილი.
რაზეც სახალხო დამცველის კანდიდატმა უპასუხა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ქეთევან ჩაჩავას კითხვით ისევ დავით მათიკაშვილმა მიმართა და ომბუდსმენის კანდიდატს საჯაროდ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომელიც " საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნას ეხებოდა"
"რატომ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სამოქალაქო სექტორისგან მტრის ხატს ვიღაც ქმნის და ეს რამდენიმე საჯარო განცხადებაში გაქვთ დაფიქსირებული,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კითხვის საპასუხოდ ქეთევან ჩაჩავამ სამოქალაქო სექტორს მაღალი ტრიბუნიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიც დაუწუნა.
"არამეგობრული გარემოს შექმნა სამოქალაქო აქტივისტების მიერ, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ. ის განცხადებები, რომელიც მაღალი ტრიბუნებიდან კეთდებოდა ძალიან სამწუხარო იყო და ნამდვილად არ შეესაბამებოდა იმ მთავარ პრინციპებს სადაც ჩვენი ქვეყანა მიდის,"-აცადებს ქეთევან ჩაჩავა.