26 აგვისტო 2026,   10:01
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმეზე ცნობილია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ იგი პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტის საფუძველზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. ეს მუხლი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ნიშნავს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376,304 ლარის ოდენობით ითხოვდა.

დღის ამბები