ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ წინააღმდეგ მისცა ხმა დეოლიგარქიზაციის შესახებ იმ კანონპროექტს, რომელიც უკრაინული მოდელის მსგავსია. მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონი კარგია უკრაინაში, თუმცა ოლიგარქის განმარტება საქართველოში სხვანაირი უნდა იყოს.
"რა კანონის შექმნაშიც მონაწილეობდა სააკაშვილი და რა კანონიც შექმნა უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ, ოპოზიციის აზრით, ეს კარგია უკრაინაში და არ ვარგა საქართველოში. არა თუ მხარი არ დაუჭირეს, წინააღმდეგაც მისცეს ხმა იმ კანონპროექტს, რომელიც არის ძალიან კარგი უკრაინაში და თურმე საქართველოში არაფრად ვარგა. მათი აზრით, ოლიგარქის განმარტება უკრაინაში უნდა იყოს სხვა და საქართველოში - სხვა. ალბათ ფიქრობენ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი თუ არ ჩაიწერება, მათ არანაირი კანონი არ მოეწონებათ.
ეს კანონპროექტი პრაქტიკულად პირდაპირი უკრაინული თარგმანია. იმიტომ არ შეგვიტანია არანაირი ცვლილება, რომ პატარა ცვლილებასაც კი სპეკულაციები არ მოჰყოლოდა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი მიიღო.