პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსი დეპუტატების ჩასვლას ოფიციალური თბილისის მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დოპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე მოქმედებს.
"ეს, რა თქმა უნდა, ჩრდილს აყენებს და აზიანებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება მკაცრი რეაქცია, ეს არის დასაგმობი საქციელი. გარდა იმისა, რომ ელჩი დავიბაროთ, გარდა იმისა, რომ მკაცრად დავგმოთ ეს საქციელი, სხვა ბერკეტები სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არ აქვს. უკიდურესი ზომა იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, თუმცა არ მგონია, რომ ეს რაიმე სარგებლის მომტანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ იმ დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს რეგიონში პირველად გუშინ ჩავიდა. დეპუტატების ჯგუფს რუსეთის დუმის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ისინი უკვე შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარეს და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას.
შეგახსენებთ ერთი თვის წინ კი ვლადიმერ პუტინისთვის ნაჩუქარ ბიჭვინთის აგარაკში საოკუპაციო რეჟიმი ალექსანდრე ლუკაშენკოს მასპინძლობდა. ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ახსნა-განმარტებებისთვის უწყებაში ქვეყნის ელჩი დაიბარა.