"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, აღნიშნული კანონის უკრაინული ვერსია საქართველოში არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.
"ეს კანონპროექტი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს აქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ქართულ ოცნებას" არ უნდა 12 პუნქტის შესრულება და ამ კანონს პირიქით, რეპრესიისთვის გამოიყენებს, მათ შორის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ, რაც მათ არაერთხელ უთქვამთ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უკრაინული მოდელი საქართველოში არ გამოდგება, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის ამ საკითხში განსხვავებული რეალობა არსებობს.
"ფაქტობრივი რეალობა არის განსხვავებული. მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ არ გვაქვს ევროპარლამენტის რეზოლუცია სახეზე, სადაც სახელობითად და გვარობითად ჩაიწერებოდა, რომ იმ ქვეყანაში არის ერთი კონკრეტული ოლიგარქი, კრემლთან კავშირებით და მისგან გათავისუფლებაა ქვეყნის მთავარი ამოცანა. ამიტომ ფაქტობრივი რეალობა საქართველოში სულ სხვა გვარია და ამას ადასტურებს," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი მიიღო.