15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას, თუმცა ეს რაღაც ამხანაგური ხელმოწერები არ მოგვწონს - ალეკო ელისაშვილი 

ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ, "მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას შეფასებები მოჰყვა. განცხადება "ლელოს" ინიციატივით მომზადდა და მას "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება.

უკვე ცნობილია, რომ განცხადებას არ უერთდებიან "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი", "მოქალაქეები", ასევე პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების ინიციატივას იზიარებს, თუმცა შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს.

"სულისკვეთებას იმის თაობაზე, რომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, ჩვენც ვიზიარებთ, ჩვენც ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას, დისკრეციას გამოიყენებს და გამოიყენებს შეწყალებას გვარამიას მიმართებაში. ეს რაღაც ამხანაგური ხელმოწერები არ მოგვწონს და კოლექტიური საბჭოური ხელმოწერები და არ ვაწერთ, თორემ სულისკვეთებას ვიზიარებთ. დიახ, ჩვენც მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა. 

"ჩვენი გუნდი არ უერთდება ამ მიმართვას ბევრი მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი არის ის, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, სრულად მისი შესაფასებელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ, ეს კამპანიური ერთობლივი წერილების წერა პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება არ მიაჩნია ჩვენს გუნდს,“ - აცხადებს ანა ბუჩუკური.

 

 

დღის ამბები