რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბევრი მუქარა გაჟღერებულა, დღეს უკვე დაზუსტებული და დეკლარირებულიც. უწყების განცხადებაში, ცინიკური სათაურით - "ბირთვული ომის თავიდან არიდება", ვკითხულობთ, რომ მოსკოვი წითელ ღილაკს ხელს 2 შემთხვევაში დააჭერს, აქედან ერთ-ერთი შემთხვევა ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, რაც მას ბუნდოვანს, შესაბამისად კი სახიფათოს ხდის.
კერძოდ:
რას ჩათვლის რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ? - თუ საქმეს დასჭირდა, ამ კითხვაზე პასუხი ფანტასტიკის სფეროშიც შეიძლება მოიძებნოს - ამიტომაცაა რუსული დოქტრინის ეს ნაწილი საყურადღებო. ყურადღებას არ აკლებენ ამერიკელები, რომლებსაც უკვე მიუვიდათ სადაზვერვო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთში მაღალი რანგის სამხედროებმა უკვე ითათბირეს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობებზე უკრაინაში. შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით The New York Times-ი წერს, რომ მართალია პუტინი ამ განხილვებში არ მონაწილეობდა, თუმცა ბირთვული ჩემოდანი მისთვის ჯერ არავის წაურთმევია. ბაიდენის ადმინისტრაციაში შფოთავენ და ყველაფრისთვის მზად არიან.
ისტორიით და ტელეგრამით გატაცებულმა დიმიტრი მედვედევმა სულ ახლახანს მიანიშნა, რომ რუსეთმა შეიძლება აგრესიად მიიჩნიოს კიევის მცდელობა, დაიბრუნოს ხერსონი თუ ზაპოროჟიე, მაგრამ ამასთან ისიც ფაქტია, რომ ამ ოლქების ნაწილების დაბრუნება უკრაინამ უკვე შეძლო და კონტრიერიშებსაც წარმატებით განაგრძობს. ამიტომაცაა, რომ ზელენსკი რუსების გამონათქვამებსა და ქმედებებს შორის ლოგიკური ჯაჭვის ძიებას შეეშვა და სხვებსაც იგივე მოუწოდა.
დასავლეთში ჩამოყალიბდა აზრი, რომ პუტინმა თავად არ იცის რას იზამს, თუმცა გამოცნობანას თამაში ახლა არავის სურს, რადგან სასწორზე ზედმეტად დიდი საფრთხე დევს. ფაქტია, მარცხით იმედგაცრუებული აგრესორის სასოწარკვეთა ყველას თვალში უარესი სცენარია, მათ შორის თავად კრემლისთვისაც.