15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
"ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თავის არიდება პასუხისმგებლობისგან" - გიორგი ცაგარეიშვილი ნაზი ჯანეზაშვილზე

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის. ჯანეზაშვილის თქმით, უკვე ჩატარებულმა შეხვედრებმა არ დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტი მიუკერძოებელი და პრინციპული ომბუდსმენის არჩევას აპირებს, მისი აზრით, გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტიც. საუბარია დეპუტატ იაგო ხვიჩიაზე. სწორედ ხვიჩიას მოუსმენს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, დაგეგმილია გასაუბრება კიდევ ერთ კანდიდატთან, გიორგი ცობეხიასთან.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.

"ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თავის არიდება პასუხისმგებლობისგან. იგი ამბობს, რომ არ არის ვალდებული პასუხი აგოს წარსულში გაკეთებულ განცხადებებზე - ესეც გაუგებარი განცხადებაა. როცა კანდიდატებზე ვსაუბრობთ, ვაფასებთ ყველა კუთხით, ყველა მხრიდან, მათ ნამოქმედარს, მათ ნააზრევს, ასევე, რა თქმა უნდა, ვიყურებით მათ საჯარო აქტიურობაში. ბუნებრივია, ყოველთვის ასე ხდება, ადამიანი ფასდება გავლილი გზით. 

ტყავს არავის არ ვაძრობთ, რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით, არავის არ ვამუნათებთ, არის რა თქმა უნდა კრიტიკული, მათ შორის შეფასებებიც, კითხვებიც, თუ გინდა რომ სახალხო დამცველი იყო მათ შორის ამასაც უნდა გაუძლო, ბრჭყალებში," - აცხადებს ცაგარეიშვილი.

დღის ამბები