საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებთა პაკეტს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა ოპოზიციაში აფასებენ, რომელთა ნაწილი ამ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. მათი არგუმენტი კი ის არის, რომ ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში არის, არ იცვლება.
"არც ერთი ცვლილება, რომელიც წარმოადგინა ოცნებამ, საბოლოო ჯამში არ ემსახურება მართლმსაჯულების ორგანოების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გაზრდას, არავითარი შეხება არ ექნება და ასევე არ მოემსახურება სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების შემცირებას. აქედან გამომდინარე,ეს ცვლილებები შინაარსობრივი ვერ იქნება. კონკრეტული ცვლილებებს შესაძლოა რაღაც მცირე მნიშვნელობა ჰქონდეს კონკრეტული საკითხების გადაჭრის კუთხით, მაგრამ არსებითად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გავლენის ჯგუფების გავლენების შემცირების კუთხით, არავითარი ეფექტი ამ არ ექნება," – აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ის რაზეც ოპოზიცია საუბრობს, სწორი არ არის.
"ვერავინ ვერ წარმოადგინა ხედვა იმისა, როგორ უნდა იყოს მართლმსაჯულება კიდევ უფრო დამოუკიდებელი და დაცული გარე ჩარევებისგან და ა.შ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავაც გვესმის ცალკეული პირების თუ პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობაზე დაფუძნებული პოზიციების დაფიქსირება. ეს არის ორღობის ჭორაობა. ვერ მოვისმინეთ თავიანთი პოზიციის არგუმენტები თუ რომელ დემოკრატიულ წამყვან ქვეყნებში ხდება ის, რომ უმცირესობა იღებს გადაწყვეტილებას და არა უმრავლესობა. ეს გამოიწვევდა პირდაპირ სასამართლო ხელისუფლების მორჩილებას," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.