პარლამენტი იაგო ხვიჩიას უსმენს. როგორ აისახება პარტიის წევრობა მის მიუკერძოებლობაზე, რა იქნება მთავარი ორიენტირი თუ კი სახალხო დამცველად აირჩევენ, არიან თუ არა სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები და ვინ არის ოლიგარქი - ეს იმ კითხვების ნაწილია, რომელსაც დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატს, იაგო ხვიჩიას უსვამენ.
საკუთარ სიყვაში, იაგო ხვიჩიამ გაიხსენა პანდემიის პერიოდი და დაწესებული შეზღუდვები ნეგატიურად შეაფასა. ასევე ისაუბრა 5-6 ივლისის მოვლენებზე და საკუთრების უფლებების დარღვევებზე.
"პოლიტიკური პარტიისადმი მიკერძოება კი არა, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე გახლავარ, ვერანაირ პირობას ვერ დავდებ, რომ 2 კვირაში სხვა ადამიანი ვიქნები.
ღიად ვაცხადებ ჩემს ინტერესებს, რომლებიც მე მაინტერესებს, ჩემს პარტიას აინტერესებს და ვამბობ რომ ამ პრიორიტეტებს განვახორციელებ.
ყველა თქვენთაგანს, ვინც მე არ მეთანხმება ვაძლევ საშუალებას, რომ თავისი ხედვები რაც გააჩნია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, განახორციელოს. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები და "ქართული ოცნების" ინტერესებიც როგორც სახალხო დამცველმა განვახორციელო," - განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ ასევე უპასუხა კითხვას, არიან თუ არა ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრები.
"მე ვთვლი რომ პოლიტპატიმარი არის ადამიანი, რომელიც ციხეში არ მოხვდებოდა თუ მას არ ექნებოდა პოლიტიკური პოზიცია, მიუხედავად იმისა მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული. ამ ფორმულის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მე არაერთხელ გამიკეთებია ეს განცხადება, მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მე მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული.
მიუხედავად იმისა რომ ჩადენილი აქვს, მე მჯერა რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, რასაც მას ედავებიან და რითაც პირველმა სასამართლომ ციხეში ჩასვა, ჩემი აზრით ეს ქმედება საერთოდ არ უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი. ერთიც და მეორეც, სხვადასხვა მოტივებით რა საკვირველია, მიმაჩნია არაკანონიერ პატიმრად და ამ ყველაფერს ვხსნი იმით, რომ ქვეყანაში არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული," - განაცხადა ხვიჩიამ.