15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
არასდროს და პირველ რიგში კახი კალაძე არ არიდებს არანაირ კითხვას და პასუხისმგებლობას თავს - გიორგი ტყემალაძე

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის შეფასებით, თბილისის დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მმართველი გუნდის მხრიდან მორალური ბრალდებები ისმოდა, ხოლო მათი შეკითხვები კონკრეტული და შინაარსობრივი იყო.

"გვესმის რაღაც მორალური ბრალდებები, მორალურ ჭრილში ამ საკითხის გადატანა, მაგრამ მათი მცდელობის მიუხედავად ჩვენ ფოკუსს არ ვკარგავთ, ჩვენი შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით არის წმინდა შინაარსობრივი და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კითხვის დასმას როგორც არ უნდა უნდოდეს კალაძეს, რომ ეს ტრაგედია საზოგადოებას დაავიწყდეს იმიტომ, რომ ამ ტრაგედიის დავიწყება ნიშნავს კიდევ ახალ ტრაგედიას მომავალში და ჩვენი, როგორც არჩეული თანამდებობის პირების პირდაპირი პასუხისმგებლობა არის, რომ ყველაფრის ფასად შევეწინააღმდეგოთ ასეთი შემთხვევების განმეორებას," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარემ საბა ბუაძემ.

საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და მოუწოდებს ოპონენტებს საკითხის პოლიტიზირება არ მოახდინონ.

"აქტიურ პროცესში არის გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას და ამ პერიოდის განმავლობაში არ გადავიყვანოთ ეს საკითხი და ვეცადოთ, რომ ნაკლებ პოლიტიკურ დღის წესრიგში გვქონდეს. არასდროს და, პირველ რიგში, კახი კალაძე არ არიდებს არანაირ კითხვას და არანაირ პასუხისმგებლობას თავს. მე განვმარტე და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა უმრავლესობის პოზიცია, ჩვენ არ მიგვაჩნია ამ ეტაპზე ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის და ვფიქრობთ, რომ რიგგარეშე სხდომა კახი კალაძის რიგგარეშე ანგარიშით არ უნდა ჩატარებულიყო," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში ხმაური იყო - საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა იყო გაწევ-გამოწევა. დაპირისპირებაში "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წევრი დეპუტატები მონაწილეობდნენ. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა. ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს. დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

დღის ამბები