ხმაური, შეურაცხმყოფელი სიტყვები და გაწევ-გამოწევა - თვითმმართველობის ორგანოში დეპუტატების გაშველება დაცვის სამსახურს რამდენჯერმე მოუწია. დაპირისპირება კი საკრებულოს სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს მოყვა.
თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაწევა-გამოწევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წევრები ქალაქის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდნენ. საკრებულოს უმცირესობა უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ კახი კალაძე საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა.
კონფლიქტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაწყებულ კამათს მოჰყვა. დეპუტატებს შორის არსებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზრდებოდა, რომ არა საკრებულოს დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც სიტუაცია დარბაზში არაერთხელ განმუხტეს.
ოპოზიცია უმრავლესობას ტრაგედიის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ახსენებს. ისინი კითხვებზე პასუხის გაცემას კახა კალაძისგან თითქმის ერთი თვეა ითხოვენ, ეს მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.
უმრავლესობა კი პირიქით, ოპოზიციას ტრაგედიის პოლიტიზირებასა და მისით სპეკულირებაში სდებს ბრალს.
რამდენიმესაათიანი კონფლიქტის განსამუხტად საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აკრძალა. გადაწყვეტილებას კი, ოპოზიციის ნაწილის პროტესტი და სხდომათა დარბაზის დატოვება მოჰყვა.
უმრავლესობა პოლიტიკური ბრალდებების საპასუხოდ ოპოზიციას ურჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდონ.
კახი კალაძე დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით დეკემბერში წარსდგება, სწორედ იქ მოუწევს დედაქალაქის მერს ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა.
ავტორი: სანდრო სანაია