ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ომბუდსმენობის კანდიდატთა მოსმენები დაასრულა, ბოლო კანდიდატი იაგო ხვიჩია იყო. "გირჩის" ლიდერს ყველაზე ხშირად მაინც იმის მტკიცება მოუხდა, იქნება თუ არა ომბუდსმენობის შემთხვევაში მიკერძოებული. პარლამენტის მოქმედ წევრთან კოლეგების კითხვების უმრავლესობა სწორედ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდა.
"გირჩის" ლიდერს დეპუტატების ნაწილმა კითხვები პარტიულ იდეოლოგიაზეც დაუსვა - კონკრეტულად იმ საკითხებზე, რაზეც თავად ხშირად ინტერესდებოდა კონკურენტების პოზიციით.
იაგო ხვიჩიასგან განსხვავებით, დეპუტატებს 1 არჩევანის გაკეთება მოუწევთ 19 კანდიდატს შორის. ფაქტობრივი მოცემულობით კი, ომბუდსმენობის პრეტენდენტების რაოდენობა დღეს კიდევ ერთით შემცირდა. გიორგი ცობეხიამ, რომელსაც დეპუტატები იაგო ხვიჩიამდე უსმენდნენ, საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების დასრულების შემდეგ მოხსნა. მიზეზად კრიტიკული შეკითხვები დაასახელა.
კანდიდატურა არ მოუხსნია, თუმცა პარლამენტში მისვლაზე უარი დღეს კიდევ ერთმა კანდიდატმა თქვა. ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც არასამთავრობო სექტორის შერჩეული და ოპოზიციის ნაწილის წარდგენილია, მიზეზად უმრავლესობის არაობიექტური მიდგომა და ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
ჯანეზაშვილის ამ განმარტებებს აბსურდული უწოდეს უმრავლესობის წევრებმაც და იაგო ხვიჩიამაც. მათი შეფასებით, კანდიდატის უარი გასაუბრებაზე მოსალოდნელ შეკითხვებს უკავშირდებოდა.
ვინ გახდება ახალი ომბუდსმენი - პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მანამდე კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 19-ვე კანდიდატთან დაკავშირებით სარეკომენდაციო დასკვნას დადებს.