15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
სასამართლო სისტემის რეფორმა - ცვლილებები, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხრივ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელების მიზნით უკვე დააინიცირა. კანონპროექტზე სახელისუფლებო გუნდი სამუშაო ჯგუფის ფორმატში თითქმის 3 თვე მუშაობდა და საბოლოო ვერსიით ცვლილებათა პაკეტი 6 საკითხს შეეხება. ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით ხორციელდება და ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემსახურება. პროექტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირსაც გადაეგზავნება.

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უკვე დააინიცირა, ოპოზიციას არ მოსწონს. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. ამბობენ, რომ ის, რაც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა, რეკომენდაციების შესაბამისი არ არის და სასამართლო სისტემის ძირეულ ცვლილებებს არ ემსახურება.

სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობას არ იზიარებს მოსამართლეთა ის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში ცვლილებებზე მუშაობდა. მოქმედი მოსამართლეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი 12 პუნქტიან რეკომენდაციას სრულად პასუხობს და მიმართულია სისტემის გაჯანსაღებისკენ. ამ პოზიციისგან განსხვავებულია სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრება.

კრიტიკა, რომელიც კანონპროექტის მიმართ ოპოზიციისა და სახალხო დამცველის აპარატისგან ისმის, სპეკულაციაა მმართველი პარტიისთვის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს არ წარუდგენიათ ალტერნატიული ვარიანტები, თავად როგორ წარმოუდგენიათ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება.

სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მესამე პუნქტია. კანონპროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

დღის ამბები