ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანდიდატთა მოსმენები დაასრულა, ახლა კი ჯერი სარეკომენდაციო დასკვნებზეა, რომელიც კომიტეტმა ყველა კანდიდატთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს.
19 კაციანი სია შემცირდა, პროცესს ზოგიერთი თავად გაემიჯნა, სიაში ბოლომ კი, დეპუტატების წინაშე გამოსვლა საჭიროდ საერთოდ არ მიიჩნია.
როგორც ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, განსხვავებული კანდიდატების მიუხედავად, პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო და ახლა მთავარია ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსესუსი მიიღწეს, რადგან მათივე განმარტებით, სახალხო დამცველის არჩევა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში შედის:
"მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული კანდიდატები იყვნენ, ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ვფიქრობ, გამოჩნდნენ საინტერესო კანდიდატებიც, ვისზეც შესაძლოა დიალოგი დაიწყოს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის და მიიღწეს კონსესუსი. სახალხო დამცველის არჩევა ერთ-ერთია 12 პუნქტს შორის და ამიტომ, ყველა მხარემ თავსი წითელი ხაზები ჩემი აზრით ცოტა გვერდზე უნდა გადაწიოს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ნამდვილად არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შეიძლება უფრო მეტად ეკუთვნოდეს მხარდაჭერა.
"არც თუ ისე მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება. მე მაქვს გარკვეული პრეფერენციები, თუ პერსონალურად ვის შეიძლება უფრო მეტად ეკუთვნოდეს მხარდაჭერა. საკმაოდ შთამბეჭდავია იმ პირების წრე, რომლებმაც შეიძლება მხარდაჭერა მოიპოვოს. დამაჯერებელი კანდიდატები არიან. მე არ მგონია რომელიმე მათგანს, ვისზეც მე ვსაუბრობ რაიმე დაეწუნებოდეს კვალიფიკაციის და მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.