15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ ბრალი - რა დეტალები ხდება ცნობილი 29 წლის ასმათ თავაძის შესახებ

ოკუპირებულ აფხაზეთში. ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები 29 წლის ქართველ გოგოს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკანონოდ დაკავების შესახებ უკვე ეცნობა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

გავრცელდა ასევე ვიდეოკადრებიც სადაც ჩანს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშაც, რაც სავარაუდოა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არის ხაზგასმა ქართულ წარმომავლობაზე. არსებული ინფორმაციით, 29 წლის ასმათ თავაძეს ეგრეთ წოდებული საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედიის მიერ მომზადებულ მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ სოხუმში, ასმათ თავაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა 10 გრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის. განცხადებაში ასევე წერია, რომ საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება არის უკანონო და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს.

დღის ამბები