15 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
ვის მხარდაჭერას აპირებს ოპოზიცია და იქნება თუ არა კონსენსუსი სახალხო დამცველის შერჩევისას - პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანდიდატთა მოსმენები დაასრულა, ჯერი სარეკომენდაციო დასკვნებზეა, რომელიც კომიტეტმა ყველა კანდიდატთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს. 19 კაციანი სია შემცირდა, პროცესს ზოგიერთი თავად გაემიჯმა, სიაში ბოლომ კი დეპუტატების წინაშე გამოსვლა საჭიროდ საერთოდ არ მიიჩნია. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესმა, რომელიც ღია და გამჭვირვალე იყო, მათ საშუალება მისცა უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღონ. 

"ეს იყო აბსოლუტურად ღია გამჭვირვალე პროცესი. დავინახეთ და შევაფასეთ კანდიდატები. მათ შორის დავინახეთ პირდაპირი უპატივცემულობა პარლამენტისა და საერთოდ ყველა ინსტიტუციის. მაგალითად ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან. ასე რომ, ამ პროცესმა მოგვცა უფრო მეტი ინფორმაცია და მოგვცა საშუალება უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილება გავაკეთოთ,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ მას უკვე ჰყავს 2 კანდიდატი, რომელმაც მისი მოწონება დაიმსახურა. 

"მე პირადად 1-2 კანდიდატი მყავს, რომელიც მოწონებას იმსახურებს. ჩვენ მზად ვართ თოთოეულ კანდიდატზე ოპოზიციასთან ვითანამშრომლოთ, ოღონდ არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილების, არ უნდა იყოს პოლიტიკური განცხადებების გამკეთებელი და ასევე, არ უნდა იყოს რევოლუციური სცენარების მომწყობი და მხარდამჭერი. ამას თუ გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ, ღირსეულ კანდიდატს შევარჩევთ"- აღნიშნავს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, როგორც ომბუდსმენობის ერთ-ერთ კანდიდატს, მისი თანაგუნდელი ჰერმან საბო აცხადებს, რომ შესაძლოა, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან იყოს იმის სანსი, რომ იაგოს საკმარისზე მეტმა დაუჭიროს მხარი. 

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აღნიშნავს, რომ 3 ადამიანის გარდა, მისი პარტია არავის მხარდაჭერას არ განიხილავს. ეს კი ის კანდიდატები არიან, ვინც ოპოზიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეარჩია. ასევე ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მართულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. 

დღის ამბები