15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა - რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რას პასუხობს მათ უმრავლესობა

ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან რიგით მე-3 - სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა. დოკუმენტი 6 პუნქტისგან შედგება, მათ შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება, ასევე რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გამწესების წესი.

ცვლილებებს დეპუტატების მხრიდან უკვე მოჰყვა შეფასებები. ოპოზიციისთვის ცვლილებები ფასადურია და მათი თქმით, ეს ვერ უზრუნველყოფს სტატუსის მიღებას.

"ყველა კანონპროექტი, რაც კი 12 რეკომენდაციის შესრულებასთან არის დაკავშირებული, არის მხოლოდ ზედაპირული და შინაარსი აცდენილია იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს რეკომენდაციები. 12-ვე ცვლილებას მიიღებენ, ოღონდ შინაარსობრივად ეს არ იქნება შესაბამისი მოთხოვნებთან და საბოლოო ჯამში ქვეყანას არ მისცემენ ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციამ საბოტაჟის გზა აირჩია და ეს მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე აისახება:

"მთლიანობაში ამ სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ისეთი საკითხები, რომელის უკავშირდება მაგალითად, ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დაშტრიხვის გარეშე გაცემის შესაძლებლობას. ასევე ჩვენი ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში საჯარო მოსმენა. სამწუხაროდ, ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას საბოტაჟი არჩიეს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები