ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - პარლამენტი ამის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანდიდატთა მოსმენები დაასრულა. ახლა რიგი სარეკომენდაციო დასკვნებზეა, რომელიც კომიტეტმა ყველა კანდიდატთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს. 19-კაციანი სია უკვე შემცირდა. ნაწილი პროცესს თავად გაემიჯნა, სიაში ბოლომ კი დეპუტატების წინაშე გამოსვლა საჭიროდ არ ჩათვალა.
მარტივი რომ არ იქნება არჩევანის გაკეთება, ამაზე არა მხოლოდ კანდიდატების სიმრავლე, არამედ ომბუდსმენის ასარჩევად საჭირო მაღალი ქვორუმიც მიუთითებს. ვის დაამტკიცებენ მინიმუმ 90 ხმით?! მმართველ გუნდში პერსონალურად ჯერ ვერავისზე საუბრობენ. ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ გასაუბრების ეტაპმა გამოავლინა რამდენიმე პრეტენდენტი, რომელმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ.
ხოლო, ვის რა კრიტერიუმით დაიწუნებენ ან მოიწონებენ, პროცესში გამოჩნდება. საერთო პოზიციაზე შეთანხმებისთვის, პოლიტიკური კონსულტაციები უნდა გაიმართოს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ არსებობს კონსენსუსის შესაძლებლობაც და საჭიროებაც, რადგან ომბუდსმენის არჩევა ევროკომისიის რეკომენდაციაც არის. ამ პირობის შესასრულებლად, საუკეთესო ვარიანტად "გირჩს" საკუთარი კანდიდატი მიაჩნია.
ოპოზიციის ნაწილი საკუთარი წითელი ხაზის გადაწევას არ აპირებს. პარტიები, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული 3 კანდიდატი წარადგინეს, კონსულტაციებში მონაწილეობასაც არ გეგმავენ.
"ქართულ ოცნებაში" პირდაპირ ამბობენ, რომ პოზიციის 3 რჩეული არ განიხილება. მმართველ გუნდში განმარტავენ , რომ კანდიდატები აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომ ისინი ოპონენტებმა მიზანმიმართულად შეარჩიეს.
ვისზე შეძლებენ შეთანხმებას - ამას საბოლოოდ კენჭისყრის შედეგები აჩვენებს. მანამდე კი 19-ვე კანდიდატთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სარეკომენდაციო დასკვნას მოამზადებს.