მმართველ პარტიას სახალხო დამცველობის კანდიდატი არ ჰყავს და ამ ეტაპზე არც საკუთარი ფავორიტები დაუსახელებია. ამის მიუხედავად, შეფასებები კეთდება უშუალოდ შერჩევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. საკითხს თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ომბუდსმენის შერჩევის ეს მოდელი უპრეცენდენტოდ ღიაა.
"სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველმა გუნდმა პარლამენტში უპრეცენდენტოდ ღია მოდელი შემოგვთავაზა. მიუხედავად მწვავე დებატებისა რაც ამ შერჩევის პროცესმა გამოიწვია, ეს არის დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი. მე ვერ მეყოლება ჩემი რჩეული კანდიდატი, ვინაიდან ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლებოდა. ამიტომაც, ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში არის მიწვეული გასაუბრებაზე, არის თანასწორი. მხარს რომელიმე გვარს და სახელს კი არ ვუჭერთ, არამედ გამჭვირვალე პროცესის შედეგად რომ შეირჩეს ის, ვინც დააგროვებს ბევრ ხმას," - განაცხადა წულუკიანმა.