მაშინ, როცა ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის დრო ცოტა რჩება და პარლამენტი კი თითოეულ პუნქტზე აქტიურად მუშაობს, ქართულ ოპოზიციაში დიდი გადალაგებებია. გაერთიანების იდეა იდეად დარჩა. ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძის ტრიოს ყველამ უარი უთხრა. მარტო დარჩენილები კი ფიქრობენ, რომ ვინც ერთობას ეწინააღმდეგება ოცნების თამაშს თამაშობს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს სტრატეგია საკუთარ გუნდშიც დაუწუნეს, გიორგი ვაშაძეს თეონა აქუბარდია გამოეყო. "ნაციონალებს" კი ნონა მამულაშვილი დაემშვიდობა. ამრიგად ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში ერთით ნაკლები ხმა აქვს, სიების ჩახსნის შედეგად მამულაშვილს ადგილმონაცვლე ვეღარ ეყოლება.
ისევ გამოჩნდა ქვეყნის პირველი "ლეიბორისტი". შალვა ნათელაშვილსაც ჰქონდა შეთავაზება კოლეგა ოპოზიციონერებისთვის, თუმცა მანაც კოლეგებისგან უარი მიიღო.
ავტორი: იზი ბურნაძე