15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში 2 დღეში განიხილავენ

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა.

ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, შესწორებები გაჩნდა.

შესწორებების ავტორებს შორის ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგადა რასა იუკნევიჩიენე არიან. მათი მოლოდინია, რომ შესწორებები უნდა გაჩნდეს მედია მენეჯერებთან დაკავშირებით, რომლების მიმართაც მათი პოზიციით სამართლებრივი ზეწოლა მიმდინარეობს. საუბარი არის კეზერაშვილზე, გვარამიაზე და წერეთელზე. ასევე ევროპარლამენტარები, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას და პუნქტში, სადაც ოლიგარქიაზე არის საუბარი კონკრეტული სახელის და გვარის - ბიძინა ივანიშვილის ჩაწერას ითხოვენ.

რეზოლუციაში მოსალოდნელ შესწორებებს ეხმაურებიან ოპოზიციაში - მათი უმრავლესობა ამბობს, რომ მედია მენეჯერებთან დაკავშირებით მხოლოდ ნიკა გვარამიას კონტექსტს იზიარებენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჩანაწერზე კი ამბობენ, რომ შესაძლოა საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდეს.

"ვეთანხმები იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ჰუმანიტარული პირობებიდან გამომდინარე სხვაგან სამკურნალოდ, ისევე როგორც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროცესი და გადაწყვეტილება არის პირადი ანგარიშსწორება და არაფერი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. ეს არის 2 საკითხი, რომელზეც მე შემიძლია ჩემი აზრი გაგიზიაროთ. რაც შეეხება თუ ვინ არის ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ვინ იდევნება და ვინ არა, მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რა შინაარსის შესწორებებს გააკეთებენ ევროპარლამენტარები ამ რეზოლუციაში," - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ არსებული შესწორებებით ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" მიმართ უნდობლობას გამოხატავენ.

"ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ჩვენ არ ვენდობით "ქართულ ოცნებას" და მხოლოდ დასათაურება, რეზოლუციის შესაბამისი კანონების მიღება არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მათ ქმედებაში. ამიტომ არის საუბარი გვარამიაზე, მედიაში შექმნილ ვითარებაზე იმიტომ, რომ თუ ორმაგი ინტერპრეტაციის სივრცეს დაუტოვებ "ქართულ ოცნებას", მავნებლობს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და მათივე შეფასებით დაუსაბუთებელია.

"ამ მუქარებში ახალი არაფერია. რეალურად ადგილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" და მათი პარტნიორების საზღვარგარეთ კონკრეტულ მოქმედებას. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლობისტების მუშაობის შედეგად, სხვათა შორის 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა არ დაუჭირა მხარი მაგ რეზოლუციას, ამის შემდეგ ნამდვილად არ იყო გასაკვირი და ვერც გაგვაკვირვებს ის ფაქტი თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორები ევროპარლამენტში კიდევ რაიმე განცხადებას გააკეთებენ. ჩვენი სიმართლე არის ჩვენს მხარეს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები