ვინ გახდება სახალხო დამცველი - პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან რომ პოზიციების დაახლოება რთული იქნება. სახალხო დამცველის პოსტის დასაკავებლად კი კანდიდატს 90 ხმა სჭირდება, რაც ამჟამინდელი განლაგებით უმრავლესობას არ აქვს. კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ სარეკომენდაციო დასკვნა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უახლოეს პერიოდში უნდა გამოაქვეყნოს.
მოგვიანებით კი საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს ვინ ჩაანაცვლებს ნინო ლომჯარიას. იმ სამ კანდიდატს, რომელთაც ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა აქვს, უმრავლესობა არ ემხრობა.
"ომბუდსმენის კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, ხელისუფლებას უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს მოლაპარაკებების პროცესი. სამწუხაროდ ეს არ ჩანს, ოპოზიცია შეთანხმებული ვართ, რომ 3 კანდიდატი შევთავაზოთ, მათ აქვთ არჩევანი, ჯერჯერობით, არც ერთი განცხადება ხელისუფლებიდან არ ჩანს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არის ჩააგდო ეს პროცესი,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი პოზიცია უცვლელი რჩება და კანდიდატების შერჩევისას პრიორიტეტად პოლიტიკურ მიუკერძოებლობას მიიჩნევენ.
"ამ ეტაპზე ფავორიტი გამოკვეთილი არ არის, თუმცა რაღაც ნაწილი გასაუბრებიდან გამოეთიშა ამ პროცესს. ვფიქრობ, რომ პლენარული მოსმენები იქნება გადამწყვეტი. წინასწარ შერეული კანდიდატი არ არსებობს. წინასწარ რაიმე პირობების დაყენება პოზიციისგან ან ოპოზიციისგან არასწორი იქნებოდა,"-აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.