15 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
თამარ ჩერგოლეიშვილს უცნაური, დამაფიქრებელი განცხადება ჰქონდა, ვისურვებდი, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი გაეკეთებინათ - ირაკლი ზარქუა

ოპოზიციაში ისევ გაუგებრობაა - "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში უნგრეთის მაგალითზე საუბრობს და პარალელს გაერთიანების ქართულ იდეასთან ავლებს.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, დიდი გაერთიანება ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით, თუმცა უნგრეთის შემთხვევაში, უიდეო ერთობა კრახით დასრულდა და დღეს ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.

თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, იმავე სცენარზე მუშაობს სამი პარტია - ესენია: "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი მეტი თავისუფლება".

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ერთობის ინიციატივის ავტორები და აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაერთიანების გზაზე, მთავარი სწორედ ერთობაა:

"პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა დაგვიბრუნებს მიტაცებულ სამშობლოს, ეს არის სწორედ გამარჯვებისკენ გზა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, სამმა პოლიტიკურმა ძალამ გადავდგით ეს ნაბიჯი. დაე საზოგადოებამ გადაწყვიტოს რა არის სწორი და როგორ მივალთ ჩვენ ევროკავშირისკენ. ყველა ის განცხადება რასაც აკეთებენ ემსახურება იმას რომ არ მოხდეს პროევროპულ ფლანგზე ერთიანობის ჩამოყალიბება,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

მმართველ გუნდში კი ჩერგოლეიშვილის სტატუსს აღიარებას უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი ეს განცხადება საკმაოდ უცნაური და დამაფიქრებელი არის:

"აღიარება ჰქონდა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს, სადაც თქვა, რომ თურმე უნგრეთის სამართლიანად, ობიექტურად, ღიად, საჯაროდ არჩეულ ხელისუფლებას სოროსი და ევროკავშირი ებრძვის, რომ ჩამოაგდოს და წააგეს ეს ბრძოლაო. ძალიან უცნაური განცხადება იყო, საკმაოდ მკაცრი, დამაფიქრებელი. ვისურვებდი, ევროპარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი გაეკეთებინათ. 

რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულებს, როგორიც გვყავს გიჟი ჯაფარა, ვაშაძე, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ქალბატონი ხოშტარია, "ველიკალეპნანია ტროიკა“ რომ დავარქვათ, რა უნდა ქნან? მკვდარი მკვდარს აეკიდაო, რა უნდა გააკეთონ? ხელმოცარულები იყვნენ პარლამენტშიც და ამიტომაც დატოვეს, გარეთ რა უნდა ქნან? კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, როგორც გადააბიჯებენ და ჩვენს ახალგაზრდებს ან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანენ, ვითომ რევოლუციას ამზადებდნენ, მერე მიატოვეს, მიაგდეს ის ახალგაზრდები, გვერდზე გადგნენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, პასუხს აგებენ, რადგან ამ ქვეყანას არ სჭირდება ქაოსში და რევოლუციურ სცენარებში შესვლა, ამის საფუძველი არ არსებობს. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სჭირდება, რომ მეორე ფრონტში გარკვეულმა ძალებმა არ შეიყვანონ, მათ შორის შიდა მავნებლებმა. ჩვენ ამ ფონს გავალთ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები