15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
ჩვენ უნდა შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს, მიმაჩნია, რომ აღარ უნდა დავკარგოთ დრო - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება – ევროპის საბჭოში სალომე ზურაბიშვილს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პირადად მასპინძლობს. დღესვე გაიმართება პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილი "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობს, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. წელს ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისთვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს.

"საქართველოს ახალი დემოკრატია სათავეს 1991 წელს იღებს, რასაც მოყვა ახალი შეტევები რუსეთის მხრიდან. რუსეთმა შემოგვიტია 2008 წელსაც. ჩვენ განვაგრძობდით წინააღმდეგობას და ამით საქართველო დემოკრატიულად მედეგი გახდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი ევროპული ინსტიტუცია, რომელმაც საქართველო მიიღო, ასე რომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ჩვენ ვართ ევროპელები. ევროპული გზა არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სურს. ჩვენ გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ჩვენ სრულფასოვნად არ გამოგვიცდია ევროპული თავისუფლება, რადგან ჯერ არ ვართ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები.

ჩვენთვის იმედგაცრუება იყო, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა. რადგან დიდი ხანია თავს ევროპელებად ვგრძნობთ. ჩვენ უნდა შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს. მიმაჩნია, რომ აღარ უნდა დავკარგოთ დრო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები