15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
რა შესწორებები შევა ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს - დოკუმენტს რამდენიმე საათში ევროპარლამენტი განიხილავს

რა შესწორებები შევა ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს - დოკუმენტს რამდენიმე საათში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი განიხილავს.  გაიმართება კენჭისყრაც,  დეკემბერში კი ანგარიშს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

ყველაზე დიდი ინტერესი ახლა იმ შესწორებების მიმართ არის, რომლის შეტანაც ევროპარლამენტარების ნაწილმა მოითხოვა. მათი ინიციატივაა, დოკუმენტში გაჩნდეს ჩანაწერი დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე, როგორც მედია მენეჯერებზე. ასევე შესწორებულ ანგარიშში, სავარაუდოდ, მოხვდება მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის გვარებიც.

"შესწორებები ნათლად აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში არსებობს პოზიტიური ინტერესი საქართველოს სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. რადგან წარსულიდან ვიცით, რომ საქართველო იყო მოწინავე სახელმწიფო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ისე ევროკავშირთან ურთიერთობაში. თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვნახეთ მზარდი პრობლემები. ამიტომ დღეს, უკრაინა და მოლდოვა უკვე არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს კი არა.

ეს ანგარიში, ევროპარლამენტის პერსპექტივიდან ასახავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც უნდა შეიცვალოს საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, რათა კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მიიღოს ადრე, და არა გვიან. ნათელია, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეალურად ერთია, მათ ვერ გამიჯნავ, რადგან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამაშია ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღები, კერძოდ იმაში, თუ როგორ უპასუხებს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის მათ, რომელიც ევროკავშირის საკვანძო ღირებულებებს უკავშირდება, იქნება ეს ადამიანის უფლებები თუ სხვა.

ვიტყოდი რომ, შესწორებები შეიცავს კონსტრუქციულ კრიტიკას, რადგან საბოლოო ჯამში მიზანი ერთია - გვსურს გაგრძელდეს საქართველოს განვითარება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და საქართველომ დაასრულოს საშინაო პოლიტიკის ეს ტურბულენტური პერიოდი,"-აცხადებს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი.

დღის ამბები