ევროპარლამენტის ანგარიში უკვე მეორე დღეა პოლიტიკური დისკუსიის საგანია თბილისში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დოკუმენტი საქართველოს მხარდამჭერია და მხარს უჭერს ქვეყნის გზას 12 პუნქტის შესრულებისკენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ წინასწარ შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
"მაშინ, როდესაც ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს კომიტეტზე რა კომპრომისული ტექსტი გავა, წინასწარი სპეკულაციები, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს, არ მგონია, რომ სწორი იყო. ტექსტი, რომელიც განხილული იქნება კომიტეტზე, არის მძიმე, მძიმე შეფასებებით, კრიტიკით, ეხება ყველა საკითხს, რომელიც აქამდე განხილული ყოფილა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის საქართველოს მხარდამჭერი და მხარს უჭერს ქვეყნის გზას 12 პუნქტის შესრულებისკენ. ამიტომ, იმაზე ლაპარაკი წინასწარ ჩემი კოლეგებისგან, რომ მაინც ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, არის არასწორი," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
დოკუმენტთან დაკავშირებით საუბრობს პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი.
"როდესაც ევროკომისია გეუბნება, რომ დეოლიგარქიზაცია შესასრულებელია, ესე იგი შესასრულებელია. დაველოდოთ, როგორი იქნება საბოლოო ტექსტი, ვიმუშაოთ ერთობლივად, დამატებითი პოლარიზაციით კი არა, როგორც ამას ვიღაც ვიღაცები გვთავაზობენ ევროპული ქოლგის ქვეშ გაერთიანების პათოსით, არამედ რეალურად,“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
რა შესწორებები შევა ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს - დოკუმენტს რამდენიმე საათში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი განიხილავს. გაიმართება კენჭისყრაც, დეკემბერში კი ანგარიშს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.