15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
IRI-ის კვლევა და პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიცია და მმართველი გუნდი სხვადასხვა მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას

IRI-ის კვლევა და პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიცია და მმართველი გუნდი სხვადასხვა მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას. გამოკითხვა ეხება საქართველოს საგარეო კურსს, კანდიდატის სტატუსს, პოლიტიკური პარტიების რეიტინგს, ინსტიტუციებისა და პერსონების ნდობას, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - კითხვაზე: მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? "ქართულ ოცნებას" მხარი გამოკითხულთა 25%-მა , "ნაციონალურ მოძრაობას" კი 12%-მა დაუჭირა მხარი. სხვა პარტიებს 3%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ. ცდომილების ზღვარი დაახლოებით 2.5%-ია.

კვლევა, რომელიც გუშინ დღის ბოლოს გამოქვეყნდა, მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა 1 500 რესპონდენტი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 90%-ზე მეტი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგია. ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში ბევრი გაერთიანება უნდა შეიქმნას, რომლებიც საერთო სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებების დაგეგმვას და განხორციელებას შეძლებენ.

"ვფიქრობ, რომ სხვადსხვა პარტიებმა გააკეთონ ცალკე პოლიტიკური პოლუსები, "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს, თავისი გამოწვევები აქვს, მას როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას სხვა პოლიტიკური და ელექტორალური ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. სხვა სივრცეში პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთი უნდა იპოვონ," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარეს ზურაბ ჯაფარიძეს, ის მიიჩნევს, რომ წინა კვლევასთან შედარებით პოზიტიური დინამიკა იგრძნობა, თუმცა ზოგადად მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში დეპრესიული განწყობა ჭარბობს.

"წინა კვლევასთან შედარებით ზრდა გვაქვს. ტენდენციას რომ შეხედავ, უკეთესობა გვაქვს ვიდრე მანამდე გვქონდა. ზოგადად მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან დეპრესიული განწყობა და ქართული ოპოზიციური სპექტრი ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ ასახავს იმ განწყობას, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. ამისთვის არის კონსოლიდაცია საჭირო, ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ის ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც არსებობს საქართველოს მოსახლეობაში ითარგმნოს შემდეგ პოლიტიკურ ქმედებებში. ახალი პარტია შეიძლება იყოს მათ შორის კონსოლიდაცია ქართული არსებული პოლიტიკური სპექტრისას და ფორმირდეს ერთიან ახალ პოლიტიკურ ძალად, ახალი ნომრით, ახალი სახელით. არსებული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციამაც შეიძლება მოგვცეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება და ეგეც შეიძლება იყოს ახალი პარტია," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ოპტიმიზმის დრამატული ვარდნა და პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა - ასე აფასებს IRI-ს კვლევის შედეგებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

"ამ კვლევაშიც ძალიან კარგად ჩანს ოპტიმიზმის ვარდნა დრამატული და უნდობლობა პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური პარტიების მიმართ ზოგადად. ამიტომ, დაძლევას ამ ჩიხის, რომელშიც ქვეყანა ამ რეჟიმმა შეიყვანა სჭირდება ამ ნდობის აღდგენა და რა თქმა უნდა რაოდენობის ზრდაც იმ ხალხის, ვინც მყარად კურსის შეცვლის მომხრე იქნება. უბრალო უმრავლესობა, ასეთი რეჟიმების დასამარცხებლად, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია საკმარისი არ არის," – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ კვლევის შედეგები ოპოზიციური ველის მიმართ ნდობას სიმცირეს ასახავს. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ცაგარეიშვილი ამბობს, რომ IRI-ს კვლევის თანახმად, "ქართულ ოცნებას" იმხელა რეიტინგი აქვს, რამდენიც მთელ ქართულ ოპოზიციას ჯამურად.

"IRI-მაც ვერ დამალა მდგომარეობა, რაც ახლა ქვეყანაშია, განსაკუთრებით ოპოზიციურ ველზე ის, რომ ხელისუფლებას აქვს იმხელა რეიტინგი, რაც მთელ ქართულ ე.წ. ოპოზიციას ერთად აღებული, რაც თვალში საცემია. ასევე თვალში საცემი არის პროცენტული მაჩვენებელი ჩვენი მოსახლეობის, გამოკითხულების, რომლებიც ამბობენ, რომ არ ენდობიან პარტიულ სისტემას, პარტიებს არ ენდობიან, და უნდათ ახალი ძალების, ახალი სახეების გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში. მე ვფიქრობ აქ ბურთი ოპოზიციის მხარეს არის გადაგდებული. ჩვენც უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, უნდა ვიზრუნოთ ახალ იდეებზე, ახალ სახეებზე," -  აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები