"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის დევიდ ლის მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ პოსტს ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ მას ეს არ გაჰკვირვებია. მისივე განცხადებით, კუბილიუსსა და ჰარცელს "ბევრად უარესი რაღაცები გაუკეთებიათ". კობახიძის თქმით, ბიზნესზე ზეწოლა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.
"ეს რა თქმა უნდა სკანდალური განცხადებაა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ვარ შოკირებული ამ განცხადებით ერთი მარტივი მიზეზის გამო: ბევრად უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ როგორც ერთს, ასევე მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსს და ჰარცელს. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი ის დამოკიდებულება, რომელიც ამ ორ ადამიანს აქვს მათ შორის ბიზნესის დამოუკიდებლობის მიმართ. ბიზნესზე ზეწოლა ეს იყო "ნაცმოძრაობის" ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დევიდ ლიმ განაცხადა, რომ ანდრიუს კუბილიუსმა კარლ ჰარცელს წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირის ყოფილ ელჩს საქართველოში მასთან, პოლიტიკური განცხადებების გამო არ ეთანამშრომლა.