ევროპარლამენტის ანგარიშთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენებსა და იმაზე, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დღეს რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ აქვს, ამაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.
"თითქოს ოპოზიცია რომ არ მუშაობს კომიტეტთან არსებულ ქვეკომიტეტის სამუშაო ფორმატში, ამის გამო ევროპელი პარტნიორები არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. ვსვამ მარტივ კითხვას, ვისი ბრალია დღეს რომ ქვეყანას არ აქვს კანდიდატის სტატუსი და ღმერთმა ნუ ქნას და ხვალ რომ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ვისი ბრალი იქნება? ვუსვამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კითხვას, რა ფორმით აპირებენ პასუხისმგებლობას ქართველი ერის წინაშე," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის ხელშემშლელი ფაქტორია და ამაზე თავიდანვე საუბრობდნენ.
"მე მგონია, რომ სააკაშვილის თემა ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა განმსაზღვრელი თუ ამ თემას ჩვენ დავტოვებდით პრობლემურად, ანუ სააკაშვილს დავტოვებდით ციხეში, ყველა დასავლელი ლიდერი ამას ხაზს გაუსვამდა. ამიტომ, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ხელშემშლელი ფაქტორი ამ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის და მოვუწოდებდით "ქართულ ოცნებას", პირად კონფლიქტზე და ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილთან ჩხუბზე არ გადაეყოლებინათ ქვეყნის მომავალი,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.
საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
"ყველა მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ წყობილებას და ძირში კიდევ უფრო ამაგრებს ოლიგარქიულ წეს-წყობილებას, მიმდინარეობს ყველა ჩვენს პარტნიორი სახელმწიფოს დედაქალაქში. ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმზე არა მხოლოდ საუბარია, ამის თაობაზე, არამედ კონკრეტული რეზოლუციები გამოიცემა. ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნაციონალური მოძრაობის, სხვა დემოკრატიული ქართული ოპოზიციური პარტიების რიტორიკა, დამოკიდებულება, მიდგომა და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება და მიდგომა მოდის თანხვედრაში," - აცხადებს ნიკა მელია.