ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება "ქართულ ოცნებაში". პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, თავდაპირველად მომზადდა ნეიტრალური ანგარიში, თუმცა ინიცირებული შესწორებები სიმართლეს არის აცდენილი. მმართველი გუნდი ამას პოლიტიკურ ოპონენტებს უკავშირებს.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოდიოზური ევროპარლამენტარები" ცდილობენ რეზოლუციაში სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ.
"პირველადი ტექსტი, რომელიც მომზადდა, არის დაბალანსებული და ეს ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ იგივე ამ რეზოლუციაშიც. ერთ-ერთი შესწორება, რომელიც არის ინიცირებული ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რამენაირად ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. რეალურად, ნაცმოძრაობას ქვეყნის გარეთ არ ჰყავს მოკავშირეები, ეს ადამიანები არიან ერთმანეთის მოკავშირეები და გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.