IRI-ის კვლევის შედეგებით ქვეყანაში ისევ ორპოლუსიანობაა - პარტიულ რეიტინგში კვლავ მმართველი გუნდი და ყოფილი სახელისუფლებო პარტია ლიდერობენ. კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 25 პროცენტი მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" - 12%-ით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კვლევის სიზუსტე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ზოგად ტენდენციას აჩვენებს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის რეიტინგის წინა კვლევასთან შედარებით შემცირების მიზეზად "ნაციონალურ მოძრაობაში" საზოგადოების განწყობას და არასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ გამოკითხვამ ის გამოწვევები გამოავლინა, რაც დღეს ოპოზიციურ ველზე არსებობს.
კვლევის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარდა დღეს მოქმედ 5% საარჩევნო ბარიერს ვერც ერთი პარტია ვერ ლახავს. გამოკითხულთა 72% კი მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას ისურვებდა. ეს შედეგები პარტიების ნაწილისთვის დამატებითი მოტივაციაა, გახდეს ე.წ. მესამე ძალა. მეორე ნაწილისთვის კი დამაიმედებელია ოპოზიციის ჯამური რეიტინგი. ახლადგაერთიანებული სამეულის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შედეგებმა მათ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაში დაარწმუნა. მეტიც, დააფიქრა ახალი პარტიის შექმნის იდეაზეც.
საზოგადოების ნდობა პარტიების მიმართ რომ შემცირებულია, ამაზე სხვა პარტიებიც თანხმდებიან, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაზარდონ ამომრჩევლის მხარდაჭერა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42%-ის ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს. პოლიტიკურ ძალებს ენდობა 15%, ხოლო არ ენდობა 35%. IRI-მ გამოკითხვა ჩაატარა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. შედეგების მიხედვით, ამ მოთხოვნას გამოკითხულთა 34% ცალსახად მხარს უჭერს, 34% - კი ცალსახად ეწინააღმდეგება. კვლევის ეს ნაწილიც და სხვა კითხვებიც მმართველი გუნდისთვის მანიპულაციურია. ქართულ ოცნებაში კითხვები აქვთ გამოკითხვის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებითაც.
ორგანიზაციის გამოკითხვა პოლიტიკური ნაწილის გარდა ეკონომიკურ და საგარეო მიმართულებებსაც ეხებოდა. შედეგების მიხედვით, 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მათ შორის, 60%-ის მხარდაჭერა უცვლელია, თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას. IRI-ის კვლევის ცდომილების ზღვარი დაახლოებით ორ ნახევარი პროცენტია. საველე სამუშაოები 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა 1500 რესპოდენტი.