15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის შინაარსს მმართველმა პარტიამ უსამართლო უწოდა, რას ფიქრობენ რეზოლუციაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში 

ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევრო დეპუტატების ერთი ჯგუფის მიერ მომზადებული შესწორებები მმართველი პარტიისთვის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილს უკავშირდება. დოკუმენტზე, რომლის შინაარსზეც ევროპის პოლიტიკური დედაქალაქის გარდა თბილისშიც ბევრს საუბრობენ, სახელისუფლებო გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა.

ბრიუსელში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოში სადაო გახდა ვრცელია, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები ყურადღებას რამდენიმე პუნქტზე ამახვილებენ. მათ შორის მედიამენეჯერების მიმართ სამართლებრივ დევნაზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასა და ოლიგარქიის ნაწილში ბიძინა ივანიშვილის სახელის და გვარის ჩაწერაზე - სწორედ ეს საკითხები გახდა განსხვავებული მიდგომების მიზეზი ოპოზიციაშიც.

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ადასტურებს, რომ შესწორებების უცვლელად დატოვების შემთხვევაში ევროპარლამენტი დოკუმენტში მათ პოზიციას გაიზიარებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აქვს მოლოდინი, რომ საკითხები, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან რეზოლუციაშიც აისახება.

შესწორებების ავტორების ანდრიუს კუბილიუსის , ანა ფოტიგას და რასა იუნკე-ვიჩი-ენეს ოპოზიციურ პარტიებთან კავშირებზე დღეს სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ ისაუბრეს. განმარტეს, რომ ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულება არ არის. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არგუმენტების მიუხედავად თუ რეზოლუცია, უცვლელი რედაქციით დამტკიცდება დოკუმენტი ადექვატურობას მოკლებული იქნება.

ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ფორმულირებას ელოდება ოპოზიციის მეორე ნაწილიც. მათი შეფასებით დოკუმენტი კრიტიკული იქნება, თუმცა საბოლოო ვერსიამდე პოლიტიკური ბრალდებები მხოლოდ, სპეკულაციას შეუწყობს ხელს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის დამტკიცებამდე ქართული რეალობის ობიექტურად შეფასებისკენ მოუწოდებენ ევროპელ კოლეგებს ქართველი კანონმდებლები მმართველი გუნდიდან. ქართულ ოცნებაში შესწორებების მიღმა რადიკალურად განწყობილი ოპონენტების მუშაობის შედეგს ხედავენ.

დოკუმენტი რომელიც საქართველოში მეორე დღეა პოლიტიკური ბრალდებების და შეფასებების მთავარი ობიექტია, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიური ანგარიშია.

დღის ამბები