პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აქვს კარგი შედეგები ანტიკორუფციული მიმართულებით, რაც კვლევებით დასტურდება.
"საქართველოს აქვს საკმაოდ მკაფიო და კარგი შედეგები ანტიკორუფციული მიმართულებით, რაც საერთაშორისო კვლევებით არის დადასტურებული. პირველი მოსმენით ჩვენ მიღებული გვაქვს ანტიკორუფციული ქმედებების გასაძლიერებელი ღონისძიებები. ასე, რომ ახლა მოვუსმენთ, მათ შორის ოპოზიციას. მათი ძირითადი მოთხოვნაა საგამოძიებო ორგანოს შევქმნათ. არსებობს ეფექტური საგამოძიებო ორგანოები, რომელიც სწორედ ანტიკორუფციული მიმართულებით მუშაობენ,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, ოპოზიციის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც დამოუკიდებელი "ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს" შექმნას გულისხმობს. მიზანი აღსრულების სათანადო მექანიზმის შექმნა, კორუფციის შემთხვევების გამოძიება და ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვაა. ინიციატივის მიხედვით, უწყების ხელმძღვანელს აირჩევს პარლამენტი 5 წლის ვადით და ის ვალდებული იქნება ყოველწლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს. ოპოზიციის განმარტებით, არსებული კანონი ვერ უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ სრულფასოვან ბრძოლას.