დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრების ნაწილი ნიკა მელიას უპირისპირდება და შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ისინი თვლიან, რომ არჩევნები საჭიროა, რადგან პარტია გაძლიერდეს და განახლდეს.
გუნდის მეორე ნაწილი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გაჟღერებული წინადადება მათთვის მოულოდნელობაა, რადგან ეს საკითხი გუნდში არც კი განუხილავთ. მათი აზრით, ამ ინიციატივისთვის საკმაოდ ცუდი დროა შერჩეული.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ არჩევნების ჩატარების მზაობა არსებობს, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი.
"ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ამ პერიოდში ასეთი ბრიფინგი იქნა ჩატარებული, ესე მოულოდნელად. რაც შეეხება არჩევნებს, ბუნებრივია, ამის მზაობა არსებობს. მე ამ ადამიანების მხრიდან ესე აქტიური პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით, არ გამიგია. პირიქით, ყველაზე აქტიური, ვისაც სურდა რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ოღონდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი, რაც არის მთავარი პრიორიტეტი ამ პარტიისათვის დღეს, ნიკა მელიას იდეა და ინიციატივა იყო ყველა დონეზე თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება." - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
"რაღაც ტრაგიკულ პროცესთან საქმე არ გვაქვს, აზრთა სხვადასხვაობა მთელ რიგ საკითხებზე ნაციონალურ მოძრაობაში იყო ყოველთვის და იქნება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, არ ვიცოდით ნამდვილად და ასეთ ფორმას საჯაროდ გამოხატვის პარტიის შიდა საქმეებზე ნამდვილად ვერ დავეთანხმები და ვთვლი, რომ ეს არის არასწორი, მაშინ, როდესაც პარტიაში დისკუსია არჩევნებთან დაკავშირებით იყო გახსნილი და ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა ამაზე ვმსჯელობთ. დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო შეხვედრა. ვწუხვარ, რომ ეს ფორმა აირჩიეს," - აცხადებს ანა წითლიძე.
განცხადება ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ბეჟაშვილმა.
"მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ დღეს დეზორიენტირებულია პარტიის ბიუროკრატიაც, ლიდერშიფიც, აპარატის თანამშრომლები, მხარდამჭერები და ასევე, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ დროზე მოახდინოს კონსოლიდაცია, ეს კონსოლიდაცია უნდა მოხდეს ახალი ლეგიტიმაციის მიღებით,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.