15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდა, რომელსაც აზვიადებს ხელისუფლება - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნების" განცხადებას, რომ ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო ლობისტებთან ერთად მუშაობს, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება თითქოს საქართველო ეკონომიკურად სარგებლობს უკრაინაში მიმდინარე ომით, ოპოზიციონერი დეპუტატები პასუხობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობა იწვევს ეკონომიკის ზრდას, თუმცა მაჩვენებელს ხელისუფლება აზვიადებს.

"ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ზრდა დაბალთან შედარებით, ანუ პანდემიის შემდგომ პერიოდთან შედარებით. მეორე მიზეზი არის ტურიზმის აღდგენა. მესამე მიზეზი არის არნახული გადმორიცხვები. საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდა, რომელსაც აზვიადებს ხელისუფლება," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის შეფასებით კი, ხელისუფლება მიზანმიმართულად ზრდის ეკონომიკურ გავლენას რუსეთზე.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება მიზანმიმართულად ზრდის ეკონომიკურ გავლენას რუსეთზე. რუსეთი ახლა იმყოფება ეკონომიკურ იზოლაციაში და ამ დროს გაცხოველებული ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით დამოკიდებული გახადოს რუსეთზე," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მმართველ გუნდში აღნიშნული განცხადებები მაშ შემდეგ გააკეთეს რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთთან სავაჭრო კავშირების ზრდას ეხებოდა. ასევე, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ როცა ევროპაში ომია, რუსეთის მეზობელ საქართველოში მოულოდნელი ეკონომიკური ბუმია.

დღის ამბები