"ნაციონალური მოძრაობის" ნაწილის მიერ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ოპოზიციური პარტიებიდან კოლეგები ეხმაურებიან. ისინი აცხადებენ, რომ ის პრობლემები რომლებიც ახლა გამოჩნდა, დიდი ხანია "ნაციონალურ მოძრაობაში" აქამდეც არსებობდა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მოლოდინი არ აქვს, რომ ნიკა მელიას წასვლა და სხვა ადამიანის თავმჯდომარედ დანიშვნა რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ მოიტანს.
"მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება. ამიტომ, მე არ ვიქნებოდი დიდი მოლოდინით ამ პროცესთან დაკავშირებით. ნაციონალურმა მოძრაობამ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, ჩემი აზრით, რომ ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც და ახლა ნიკა მელია წავა თუ ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერი იქნება მის ადგილას, მე ვერ ვხედავ, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების” თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა დიდი პარტიაა, ბევრი ხალხია, ბევრ ხალხს ბევრი ამბიცია აქვს და ბევრი წყენაც ჰქონდა, როგორც ჩანს და ამდენ ხანს მეტ ნაკლებად ფარავდნენ ამ ყველაფერს და ახლა ერთბაშად, ვეზუვივით ამოხეთქა,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიის გაძლიერებას მიესალმება და ეს მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის გარანტიაა.
"მივესალმებით ნებისმიერი პარტიის გაძლიერებას ოპოზიციურ ფლანგზე, ძლიერი ოპოზიციური პარტიები არის გარანტი იმის, რომ მალე ჩამოვაშორებთ ქართულ ოცნებას ხელისუფლებას,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.